ნიკოლოზ სილაგაძე: ინდოევროპულ ენებზე მოსაუბრე ხალხების წინარესამშობლოს პრობლემა

ინდოევროპული ენების[1] მონათესავეობის აღიარება წარსულში მათი ან მათი წინაპარი ენების ერთიანი ენობრივი სისტემის პირობებში თანაარსებობის აღიარებასაც გულისხმობს. ასეთ ენობრივ სისტემას ლინგვისტები “პროტოინდოევროპულს” უწოდებენ, მისი (ე.ი. ამ ჰიპოთეტური ენობრივი რეალობის) თავდაპირველი გავრცელების არეალს კი – წინარესამშობლოს (Urheimat, Homeland). ამ უკანასკნელში ტრადიციულად იგულისხმება ტერიტორია[2], რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდა და გარკვეული დროის განმავლობაში არსებობდა “პროტოინდოევროპული” ენობრივი ერთობა. მის დაკავშირებას, როგორც წესი, რომელიმე არქეოლოგიურ კულტურასთან ცდილობენ[3]. ინდოევროპელების პირველსაცხოვრისის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრას არაერთი თაობის ლინგვისტი, არქეოლოგი, ისტორიკოსი და ანთროპოლოგი ცდილობდა. მიუხედავად ამისა, საკითხზე მსჯელობა დღემდე მეტად ჰიპოთეტურ ხასიათს ატარებს.

ინდოევროპელების წინარესამშობლოს პრობლემის კვლევა, ვფიქრობთ, ორ ნაწილად უნდა გაიყოს. პირველ რიგში მისი (ე. ი. წინარესამშობლოს) გეოგრაფიული და ქრონოლოგიური კოორდინატები უნდა განვსაზღვროთ, შემდეგ კი – რა ისტორიული რეალობა იმალება “პროტოინდოევროპულის” ლინგვისტური ცნების ქვეშ და რა პროცესები მოსდევდა ინდოევროპული “კილოკავების” ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებას. ორივე საკითხზე სრულყოფილი მსჯელობა ერთი სტატიის ფორმატში ვერ მოთავსდება, ამიტომ წინამდებარე ნაშრომში მხოლოდ პირველ მათგანს შევეხებით, მეორის შესახებ საუბრისგან კი თავს შევიკავებთ.

ინდოევროპული ენების თავდაპირველი გავრცელების არეალის შესახებ მსჯელობა იმ კრიტერიუმების აღნუსხვით უნდა დავიწყოთ, რომელთა გათვალისწინებაც საკითხის კვლევისას უპირობო აუცილებლობას წარმოადგენს. ამ მხრივ ვფიქრობთ, დამაჯერებელ მსჯელობას ჯ. მელორი და დ. ადამსი გვთავაზობენ ნაშრომში: “ინდოევროპელების კულტურის ენციკლოპედია”. თუმცა, მიგვაჩნია, რომ აქ მოყვანილი ცალკეული დებულებები გარკვეულ დაზუსტებასა და შევსებას საჭიროებს. ჯ. მელორი და დ. ადამსი 6 ასეთ კრიტერიუმს გამოყოფენ [Enciclopedia…1997: 295-297]. მათი აზრით, ინდოევროპელების წინარესამშობლოს ძიებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ:

1) წინარესამშობლოს არსებობა ნაკლებად სავარაუდოა ისტორიულად a priori არაინდოევროპელი ხალხების განსახლების არეალში. მაგალითად: ბასკების, ტარტესების, დრავიდების, მუნდელების, ელამელების, შუმერების, პროტოხეთებისა და ა. შ.

2) უნდა გავითვალისწინოთ, რომ “პროტოინდოევროპულის” არსებობა ნეოლითის ხანაზე ადრეულ პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა, რადგან “პროტოინდოევროპულ” ენობრივ სისტემაში კარგად არის ასახული “ნეოლითური რევოლუციის” მიღწევები;

ვფიქრობთ, რომ ეს მოსაზრება გარკვეულ დაზუსტებებს საჭიროებს. დავიწყოთ იმის აღნიშვნით, რომ თანამედროვე ინდოევროპეისტიკაში “პროტოინდოევროპულის” ქრონოლოგია ფართო დისკუსიის ობიექტია. ყველასათვის ცხადია, რომ შედარებითი და გლოტოქრონოლოგიური მეთოდის საფუძველზე ამ მიმართულებით გაკეთებული დასკვნები, რომლებიც ინდოევროპული ერთობის ძვ. წ. V-IV ათასწლეულებით დათარიღებისკენ გვიბიძგებს, მთელი რიგი ხარვეზით ხასიათდება. ინდოევროპეისტიკაში ამ თვალსაზრისით მეთოდოლოგიური ნოვაციების დანერგვის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი [Gray…2003: 435-438]. მიუხედავად ამისა, რ. დიქსონის შენიშვნა იმის შესახებ, რომ “პროტოინდოევროპულის” არსებობის პერიოდად ძვ. წ. 4000-დან 40 000 წლამდე ნებისმიერი თარიღი შეიძლება გამოდგეს, დღემდე ძალაში რჩება [Gray…2003: 436]. ამდენად, ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ქრონოლოგიური ხასიათის არგუმენტებს ინდოევროპელების წინარესამშობლოს შესახებ მსჯელობისას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. დაზუსტებით იმის მტკიცებაც კი არ შეიძლება, რომ “პროტოინდოევროპული” რეალობა ნეოლითის ხანაზე ადრეულ პერიოდში არ ჩამოყალიბებულა. ვინაიდან თეორიულად სავსებით შესაძლებელია ინდოევროპულ ენობრივ მასივს მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი სახე ჯერ კიდევ მეზოლითის ეპოქაში ჰქონოდა, ხოლო “ნეოლითური რევოლუციის” მიღწევები მასში მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გავრცელებულიყო. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ “ლინგვისტური პალეონტოლოგიის” (ანუ იმ დარგის, რომელსაც ამ შემთხვევაში დ. ადამსი და ჯ. მელორი ეყრდნობიან) მნიშვნელობა სადღეისოდ არაერთგვაროვნად არის შეფასებული. მეცნიერთა ერთი ნაწილი მას დღემდე ენდობა, მეორე კი მთლიანად უარყოფს და მასზე საუბრისას სარკაზმსაც არ ერიდება. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში ერთგვარი “ოქროს შუალედის” პოვნაა საჭირო, ვინაიდან “ლინგვისტური პალეონტოლოგიიის” სრული უარყოფა ინდოევროპელების პირველსაცხოვრისის გეოგრაფიული მდებარეობის საკითხის შესწავლაზე უარის თქმასაც ნიშნავს. ინდოევროპეისტიკა, პირველ რიგში, ენათმეცნიერების დარგია. თუ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ ლინგვისტების აღდგენილ “პროტოინდოევროპულ” ენობრივ სისტემას ზოგადად მაინც არ შეუძლია თავისი გარემომცველი გეოგრაფიული და ისტორიული გარემოს შესახებ მოგვითხროს, მაშინ საერთოდაც რა აზრი აქვს მის ისტორიულ კონტექსტში განხილვას? ამგვარი მსჯელობის გაზიარების შემთხვევაში, ვფიქრობთ, საჭიროა სამეცნიერო წრებრუნვაში სხვა მსგავსი ტიპის (ე.ი. “ლინგვისტური პალეონტოლოგიის” საშუალებით მიღებული) არგუმენტებიც შემოვიტანოთ. კერძოდ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ თ. გამყრელიძისა და ვ. ივანოვის ნაშრომს: “ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები”, რომელიც ამ (ე.ი. “პროტოინდოევროპულის” გარემომცველი გარემოს რეკონსტრუქციის) თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე უფრო სრულყოფილ კვლევას წარმოადგენს. მასში, ვფიქრობთ, განსაკუთრებით ნიშანდობლივია დასკვნა ინდოევროპელების პირველსაცხოვრისის წინააზიურ კულტურულ წრეში შესაძლო მდებარეობისა და ქართველური ენების მასთან დიდი სიახლოვის შესახებ [Гамкрелидзе ….1984: 869-891]. ისეთი არგუმენტების მნიშვნელობა კი, რომ წინარესამშობლო თითქოსდა უნდა ყოფილიყო მხარე მთიანი ლანდშაფტით [Гамкрелидзе ….1984: 865-866], არც თუ დიდია, რადგან ამა თუ იმ „პროტოენაში” ცალკეული სიტყვების არსებობა იშვიათად თუ ნიშნავს იმას, რომ ეს ცნებები მხოლოდ აღნიშნული „პროტოენისთვის” იყო დამახასიათებელი. იგივე შეიძლება ითქვას ცხოველებისა და მცენარეების ცალკეული სახეობების შესახებ, რომლებსაც ავტორები ასევე დიდ ადგილს უთმობენ [Гамкрелидзе ….1984: 465-686].

3) წინარესამშობლოს შესახებ მსჯელობისას გასათვალისწინებელია, ასევე, ინდოევროპული ენობრივი ჯგუფების ურთიერთმიმართების საკითხი. კერძოდ: ა) უნდა გვახსოვდეს, რომ ანატოლიური ენები სხვებზე ადრე გამოეყო ერთიან ინდოევროპულ სივრცეს; ბ) ინდო-ირანული, ბერძნული და სომხური ენობრივი მასივი გარკვეულ პერიოდში ერთმანეთთან სხვა ენობრივ ჯგუფებზე დაახლოებული უნდა ყოფილიყო; გ) ცალკე ერთობას ქმნიდა გერმანიკული, ბალტიური და სლავური ენებიც, კელტური და იტალიური კი მეტ სიახლოვეს ჩრდილოეთის ჯგუფებთან ამჟღავნებდა; დ) თოხარული ენის პოზიცია მთლად ნათელი არ არის, მაგრამ იგი ინდო-ირანულთან ახლოს მდგომად არ უნდა ჩავთვალოთ;

4) ინდოევროპული ენების გავრცელების არეალი უნდა დავუკავშიროთ ცხენის დომესტიკაციის არეალს;

5) ინდოევროპული ენების გავრცელების ლინგვისტური სქემები, რომლებიც, როგორც წესი, თან ახლავს მათი წინარესამშობლოს შესახებ ჰიპოთეზებს, შესაბამისობაში უნდა იყოს არქეოლოგიურ რეალობასთან. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, შემაფერხებელი ვერც ის გარემოება იქნება, რომ არქეოლოგიურ მეცნიერებაში არქეოლოგიური არტეფაქტების საფუძველზე ენობრივი და ეთნიკური პროცესების კითხვის მეთოდები ფართო დისკუსიის ობიექტია. კერძოდ, განხილვის ობიექტია, თუ რა არის არქეოლოგიური კულტურების წიაღში მიმდინარე ცვლილებების მიზეზი; ნიშნავს თუ არა ამა თუ იმ არტეფაქტის ამა თუ იმ რეგიონში გავრცელება იმავე რეგიონში მისი მატარებელი ეთნიკური ჯგუფების გავრცელებასაც; რა ისტორიული რეალობა უნდა მოვიაზროთ არქეოლოგიური კულტურის ცნების ქვეშ და შესაძლებელია თუ არა იგი ენის ან ენობრივი ოჯახის ცნებასთან გავაიგივოთ….ამ საკითხებს ეთნოგენეზის პრობლემებზე მსჯელობისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში (ანუ, როდესაც კვლევის ობიექტად ინდოევროპელების წინარესამშობლოს გეოგრაფიული მდებარეობის და არა ინდოევროპული “კილოკავების” ევრაზიაში გავრცელების თანამდევი ისტორიული პროცესების საკითხს ვიღებთ) მასში ჩაღრმავების აუცილებლობა არ არსებობს. ვინაიდან გარკვეული შეთანხმების მიღწევა ამ თვალსაზრისით საკმაოდ იოლია. კერძოდ, ვფიქრობთ, სავსებით ლოგიკური იქნება, თუ ვაღიარებთ, რომ ერთი რეგიონიდან მეორეში არქეოლოგიური არტეფაქტების კომპლექსის გავრცელება ამ ორ რეგიონს შორის (შუამავალი რეგიონების დონეზე მაინც), სულ მცირე, კულტურული და ეკონომიკური კავშირების დამადასტურებელია. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კარგი იქნება, თუ ჰიპოთეტური ენობრივი ჯგუფების (არიულის, კელტურის, თოხარულის და ა. შ.) ცალკეულ არქეოლოგიურ კულტურებთან გაიგივებას შევძლებთ. ვინაიდან არქეოლოგიური კულტურის არსებობა მნიშვნელოვან ისტორიულ პერიოდში მის წიაღში მცხოვრებ ადამიანებს შორის გენეტიკურ ნათესაობას თუ არა ხშირ ეკონომიკურ და კულტურულ კონტაქტებს მაინც გულისხმობს. ასეთი კავშირების არსებობა ცალკეული იზოგლოსებისა თუ მთელი ენობრივი ჯგუფების გენეზისისთვის შესანიშნავ ნიადაგს წარმოადგენს. წინარესამშობლოს თეორია, რომელიც არქეოლოგიური მონაცემების ასეთ ასპექტებს მაინც არ ითვალისწინებს, ბუნებრივია, დამაჯერებელად ვერ ჩაითვლება.

6) ინდოევროპელების პირველსაცხოვრისის თეორიამ უნდა ახსნას ყველა ინდოევროპული ენობრივი ჯგუფის თავის ისტორიული განსახლების არეალში გავრცელების საკითხი;

ვიდრე უშუალოდ ინდოევროპელების პირველსაცხოვრისის შესახებ გამოთქმული ჰიპოთეზების აღნუსხვას შევუდგებოდეთ, საჭიროა, ყურადღება ინდოევროპეისტიკაში სადღეისოდ პოპულარულ კვლევის კიდევ ერთ მიმართულებაზე გავამახვილოთ. მხედველობაში გვაქვს ფიზიკური ანთროპოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის[4] მონაცემები. ერთი შეხედვით, ძალზე საინტერესო ჩანს, ინდოევროპელების ევრაზიაში გავრცელების პროცესს თვალი ბიოლოგიურ მონაცემებზე და არა იზოგლოსებზე ან არქეოლოგიურ არტეფაქტებზე დაყრდნობით მივადევნოთ, რომლებიც ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების საშუალებას იშვიათად იძლევა. ამ მხრივ საკმაოდ საინტერესო გამოკვლევები ეკუთვნით ლ. კავალი-სფორცას, ა. ამორიმის, დ. რანგს და სხვა მკვლევრებს. გენეტიკის მონაცემების საფუძველზე ევროპის ინდოევროპეიზაციის მ. გიმბუტასის ყორღანული და კ. რენფრიუს ანატოლიური თეორიების შედარების მცდელობასაც ჰქონდა ადგილი [Stone…2005: 125-127]. საინტერესოა, ასევე, ნაშრომები ევროპის ნეოლითიზაციის შესახებ [Stone…2005: 86-97]. მიუხედავად მსგავსი გამოკვლევების, ერთი შეხედვით, დამაჯერებელი ხასიათისა, უფლებას ვიტოვებთ, ამ ნაშრომებში გაკეთებული დასკვნების მნიშვნელობაზე გარკვეული თავშეკავებით ვისაუბროთ. საქმე ისაა, რომ ძველი მსოფლიოსა და შუა საუკუნეების ისტორიის ეთნიკური პროცესების დინამიკის კანონზომიერებების თვალის მიდევნება გვარწმუნებს, რომ ამ პერიოდში არ დასტურდება რომელიმე A ჯგუფის მიერ B ჯგუფის X ტერიტორიაზე სრული ჩანაცვლების ფაქტი. იმ შემთხვევაშიც კი, როცა რეგიონში ლინგვისტური და პოლიტიკური ლანდშაფტი რადიკალურად იცვლებოდა, მოსული ელემენტი უმეტესად “სუპერსტრატულ უმცირესობას” წარმოადგენდა. მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება: რომის იმპერიის შემდგომი ხანის ე.წ. “ბარბაროსული სახელმწიფოები”, აღმოსავლეთ ევროპის თურქული გაერთიანებები, სპარტული და კელტური საზოგადოებები. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ევრაზიის ძალიან ბევრი რეგიონი (თუ ყველა არა) არქეოლოგიური თვალსაზრისით უწყვეტი განვითარების სურათს იძლევა. ეს გარემოება ასაზრდოებს წინარესამშობლოს შესახებ პალეოლითური უწყვეტობისა და ჩრდილო-ევროპული თეორიების მსგავსი ჰიპოთეზების მომხრეებს. ეს გარემოება, ვფიქრობთ, ფიზიკური ანთროპოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის მონაცემებსაც მნიშვნელოვან კვალს დააჩენს. რა თქმა უნდა, ძნელია უარვყოთ ამ დარგების მნიშვნელობა, როცა საქმე ზედაპალეოლითურ და მეზოლითურ პერიოდებს ეხება, მაგრამ ნეოლითისა და მისი შემდგომი პერიოდის შესახებ მსჯელობისას ამ თვალსაზრისით გარკვეული თავშეკავება გვმართებს. ინდოევროპელების ევრაზიაში გავრცელების დამადასტურებელი გენეტიკური მარკერების პოვნა თითქმის წარმოუდგენელ ამოცანად გვესახება.

* * *

ინდოევროპულ ენებზე მოსაუბრე ხალხების წინარესამშობლოს პრობლემის შესწავლას საფუძველი ინდოევროპული ენათმეცნიერების ჩამოყალიბებისთანავე ჩაეყარა, უამრავი ჰიპოთეზაც გამოითქვა. ისინი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან. თანამედროვე ეტაპზე სერიოზულად მხოლოდ რამდენიმე მათგანი განიხილება. მათ რიცხვში შეგვიძლია დავასახელოთ ზემოთ უკვე ნახსენები პალეოლითური უწყვეტობის თეორია (მ. ალინეი); მოსაზრებები, რომელთა მიხედვითაც წინარესამშობლო ჩრდილოეთ ევროპის ტერიტორიაზეა ლოკალიზებული (ლ. კილიანი, ა. ჰაუსლერი, მ. ზველებილი); თავისი მომხრეები ჰყავს ინდურ ჰიპოთეზასაც (მ. ვიტზელი, კ. ელსტი). ეს კონცეფციები თანამედროვე ეტაპზე დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. თუმცა, არც მთლიანად უარყოფილია. გაცილებით მეტი მომხრე ჰყავს წინარესამშობლოს ბალკანეთ-კარპატებსა (ვ. საფრონოვი, ბ. გორნუნგი, ი. დიაკონოვი, ლ. მაკკაი, გ.დევოტო) და წინა აზიაში ლოკალიზების მხარდამჭერებს. წინააზიურ ჰიპოთეზებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით კ. რენფრიუს ანატოლიური თეორია სარგებლობს, რომელიც ინდოევროპელების სახელს ნეოლითური მეურნეობის გავრცელებას უკავშირებს (კ. რენფრიუ, ა. დოლგოპოლსკი). შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა ინდო-ხეთურ (ჰ. სტურტევანი, ბ. დარდენი) და გამყრელიძე-ივანოვის კონცეფციებს. მიუხედავად ერთვარი მსგავსებისა, ეს ჰიპოთეზები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ცალკეულ ნიუანსებში რენფრიუს თეორია ბალკანურ-კარპატულ ჰიპოთეზებთან ერთად უპირისპირდება პონტიურ-კასპიური თეორიას. ამ უკანასკნელის მიხედვით ინდოევროპელების წინარესამშობლოდ ვოლგა-ურალის სტეპები განიხილება, ხოლო ინდოევროპელების დასავლეთით გავრცელება ბრინჯაოს ხანის მოვლენად არის აღქმული. წინააზიურსა და ბალკანეთ-კარპატულ ბანაკებს შეიძლება მივაკუთვნოთ, აგრეთვე, ე. შერა თავისი ე. წ. “მეორადი ნეოლითური რევოლუციის” კონცეფციით. იგი ადრე ბრინჯაოს ხანაში ინდოევროპელების ვოლგა-ურალის სტეპებიდან დასავლეთით გადანაცვლების კონცეფციას ანაქრონიზმად თვლის [Cherratt, 2003: 234]. პონტიურ-კასპიური თეორიის მთავარ მომხრეებად მ. გიმბუტასი, დ. ენტონი, ჯ. მელორი და დ. ადამსი გვევლინებიან. მათთან ახლოს შეიძლება დავაყენოთ ჯ. ნიკოლსიც, რომელიც თავისი ე. წ. სოგდიანური ჰიპოთეზით ინდოევროპელების აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიგრაციის თეორიის სასარგებლოდ მნიშვნელოვან ლინგვისტურ არგუმენტებს გვთავაზობს. ყველა ამ თეორიას გარკვეული ხარვეზი ახასიათებს. მათ შესახებ მსჯელობას ინდოევროპეისტიკაში (ძირითადად საწინააღმდეგო თეორიის მომხრეების მიერ), ტრადიციულად, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. ამიტომ ვფიქრობთ, ამ კუთხით მსჯელობის გაგრძელების აუცილებლობა არ არსებობს. ზემოთ ჩამოთვლილი თეორიების ცალკეული სუსტი მხარეები საკითხის შესახებ ჩვენეული მსჯელობისათვის სასარგებლო არგუმენტად ვერ ჩაითვლება.

„პროტოინდოევროპული” ენისა და მისი თავდაპირველი გავრცელების არეალის შესახებ მსჯელობისას, ვფიქრობთ, პირველ რიგში, ყურადღება ე. წ. ნოსტრატულ თეორიას უნდა მივაპყროთ. ამ უკანასკნელის მიხედვით ევრაზიის კონტინენტის ბევრი ენობრივი ოჯახი სათავეს კიდევ უფრო მსხვილი ნოსტრატული „პროტოენიდან” იღებს. ნოსტრატული ენების კლასიფიკაციის შესახებ ლიტერატურაში ერთმნიშვნელოვან მსჯელობას ვერ ვხვდებით. თუმცა, „პროტოინდოევროპული” ყოველთვის მის უცვლელ წევრად განიხილება. იგივე შეიძლება ითქვას ქართველურ და ურალურ ენებზეც მაშინ, როცა სემიტური, ზაგროსულ-ელამური, დრავიდული, ალთაური, აფრაზიული და სხვა ენობრივი ჯგუფების პოზიცია ამ მხრივ მთლად ნათელი არ არის. თანამედროვე ლინგვისტიკაში ნოსტრატული თეორიის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. ალბათ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ინდოევროპეისტიკაში მას შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა. მიუხედავად ამისა, ჩვენი აზრით, ინდოევროპელების წინარესამშობლოს შესახებ მსჯელობისას მისი მნიშვნელობა ფრიად დიდია[5]. საქმე ისაა, რომ ინდოევროპული, ქართველური და ურალური ჯგუფების განსაკუთრებული სიახლოვე[6] ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობთ, იმას მაინც ნიშნავს[7], რომ ამ ოჯახების ენებზე მოსაუბრეთა წინაპრების ენების გავრცელების არეალი გარკვეულ პერიოდში, რომელიც, ალბათ, წინ უსწრებდა მათ დამოუკიდებელ ენობრივ ოჯახებად ჩამოყალიბებას, ერთმანეთთან ახლოს მდებარეობდა. ეს, ალბათ, უფლებას გვაძლევს, „პროტოინდოევროპელების” თავდაპირველი გავრცელების არეალად ქართველურ და ურალურ ენობრივ სივრცეებს შორის არსებული ტერიტორია ჩავთვალოთ[8].

სად შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი სივრცე? ქართველური ენების ფორმირებისა და გენეტიკური კავშირების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში საყოველთაოდ გაზიარებული აზრი არ არსებობს. თუმცა, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მათი თავდაპირველი გავრცელების არეალი კავკასიის ტერიტორიას დიდად არ უნდა სცილდებოდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სამხრეთ ირანი და ინდოეთი ნოსტრატული ჯგუფის სხვა წევრებით (ზაგროს-ელამელებითა და დრავიდებით) იყო დასახლებული, ურალისპირეთი და ცენტრალური აზია კი, სავარაუდოდ – ურალელებისა და ალთაელების წინაპრებით, ვფიქრობთ, ლოგიკური იქნება, თუ ამგვარ შუალედურ ტერიტორიად სამხრეთ შუა აზიასა და ჩრდილოეთ ირანს ჩავთვლით. მეზოლითის ხანაში[9] ქვეყნის ეს ნაწილი ჩანს, მჭიდროდ იყო დაკავშირებული, ერთი მხრივ, ურალისპირეთთან [Matyuishin, 2003: 368-372], მეორე მხრივ კი – წინა აზიასთან. ეს კავშირები არც ნეოლითისა და ენეოლითის ხანაში შესუსტებულა. ამ პერიოდში აქ სამი კულტურული წრე – ჯეითუნი, ჰისარი და კელტიმინარი – ჩამოყალიბდა [Юсупов, 1997: 13-24]. ჩვენს შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას ჯეითუნის კულტურა იმსახურებს. მასში კარგად არის წარმოდგენილი „ნეოლითური რევოლუციის” ყველა მიღწევა. წინააზიურ სინამდვილესთან მისი კავშირებიც ინტენსიურ ხასიათს ატარებს, ამავდროულად იგი ადგილობრივ, მეზოლითურ ტრადიციებსაც აგრძელებს. ეს გარემოებები, ვფიქრობთ, უფლებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ სამხრეთ შუააზიურ თეორიას კარგად ესადაგება „ლინგვისტური პალეონტოლოგიის” საფუძველზე გაკეთებული ზემოთ ჩამოყალიბებული დასკვნები ინდოევროპელების პირველსაცხოვრისის წინააზიური სამყაროს სიახლოვეს მდებარეობის შესახებ. იგივე შეიძლება ითქვას “ნეოლითური რევოლუციის” მიღწევებზეც. წინააღმდეგობაში იგი (ე.ი. სამხრეთ შუააზიური თეორია) არც „პროტოინდოევროპულის” ქრონოლოგიის საკითხებთან არ მოდის.

ინდოევროპეისტიკისათვის ინდოევროპელების წინააზიურ ნეოლითურ სინამდვილესთან დაკავშირების იდეა ახალი არ არის. თუმცა, ვფიქრობთ, ამ თვალსაზრისით სამხრეთ შუააზიურ ჰიპოთეზას მეტი არგუმენტი მოეპოვება, ვინაიდან: ა) იგი არ გადაკვეთს წინა აზიის a priori არაინდოევროპელი მოსახლეობის გავრცელების ისტორიულ არეალს; ბ) მის ფარგლებში, როგორც ქვემოთ ვნახავთ, შინაური ცხენის წინა აზიაში გავრცელების შესახებ საინტერესო დასკვნების გაკეთება შეიძლება; გ) მისი საშუალებით სადღეისოდ ცნობილი ინდოევროპული ენობრივი ჯგუფების თავიანთ ისტორიულ საცხოვრისში გავრცელების ლოგიკური გზების დახაზვა ხერხდება.

უნდა ჩავთვალოთ, რომ გეოგრაფიული თვალსაზრისით თოხარული ენები მხოლოდ უმნიშვნელოდ გადაადგილდა. ანატოლიელების წინა აზიაში გავრცელება კი, ვფიქრობთ, მტკვარ-არაქსის არქეოლოგიურ კულტურას უნდა დავუკავშიროთ. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მტკვარ-არაქსის კულტურის გენეზისში სამხრეთ შუა აზიიდან და ჩრდილოეთ ირანიდან მოსული ელემენტის მონაწილეობა დადასტურებულ ფაქტად ვერ ჩაითვლება[10], თუმცა, ვფიქრობთ, რამდენიმე გარემოებაზე ყურადღების გამახვილებამ ამ თვალსაზრისით შესაძლოა, კვლევის საინტერესო პერსპექტივები გვიჩვენოს. კერძოდ: 1)მტკვარ-არაქსის კულტურით კავკასიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრინჯაოს ხანა იწყება, რასაც წინა აზიაში მნიშვნელოვანი კულტურული, სამეურნეო და, შესაძლოა, ეთნო-ლინგვისტური ცვლილებები მოსდევს. მათი კვალი აშკარად ეტყობა ძვ. წ. IV ათასწლეულის არქეოლოგიურ მასალას. კერძოდ, ხალხთა მნიშვნელოვანი ტალღა ინაცვლებს სამხრეთ შუა აზიიდან ურალისპირეთის მიმართულებით. თავის მხრივ, სამხრეთელი მიგრანტები ითვისებენ სამხრეთ შუა აზიის ტერიტორიას, რაც აქ ანაუს კულტურის ფორმირების საფუძველი ხდება [Юсупов, 1997: 24-26]. ამავე პერიოდში კავკასიაში გავრცელდა ლეილა თეფეს ტიპის ძეგლები და სამხრეთიდან ჩრდილო კავკასიისკენ ხალხთა მნიშვნელოვანი ნაკადი გადავიდა, რამაც მაიკოპის კულტურის ფორმირება გამოიწვია [ჯაფარიძე, 2003: 277-278]. აგრეთე, მტკვარ-არაქსელი ტომები სწრაფად გავრცელდნენ კავკასიაში და ა.შ. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სწორედ ამ პერიოდში ჩნდებიან შუმერები სამხრეთ შუამდინარეთში. არ არის გამორიცხული, რომ მათი გადაადგილებაც რაიმე ფორმით ზემოთ ხსენებულ მოვლენებს უკავშირდებოდეს. ინდოევროპული (ანატოლიური) “კილოკავების” დასავლეთით გავრცელებაც, ვფიქრობთ, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ (ხაზს ვუსვამთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, განვსაზღვროთ ინდოევროპული კილოკავების დასავლეთით გავრცელებას რომელი ლოგიკური კულტურულ-ისტორიულ პროცესები სდევდა თან); 2) ხეთების მცირე აზიის ტერიტორიაზე არსებობა მხოლოდ ძვ. წ. III ათასწლეულის მიწურულიდან დასტურდება. ამავე პერიოდს ემთხვევა მტკვარ-არაქსის კულტურის დაცემა. ჩანს, რომ მისი მოსახლეობა ნაწილობრივ ჩრდილოელი მეზობლებისა და ნაწილობრივ კლიმატური პირობების გაუარესების გამო მასობრივად ტოვებს თავისი ძველი განსახლების ადგილებს [ჯაფარიძე, 1998: 170-174]. სწორედ ეს ხდება სირიაში კირბეთ-კერაკის კულტურის გენეზისის მიზეზი. გარკვეული მასების გადაადგილებას ბალკანეთის მიმართულებითაც ვარაუდობენ. ხომ არ უნდა ვეძებოთ ანატოლიელების მცირე აზიაში გავრცელების ისტორიული საფუძველი ამ მოვლენების კონტექსტში? 3) ყურადღება უნდა მივაქციოთ წინა აზიაში შინაური ცხენის გავრცელების პრობლემასაც. ბევრი არქეოლოგი თვლის, რომ მტკვარ-არაქსის მოსახლეობა ცხენს იცნობდა [ჯაფარიძე, 1998: 108-109] ჯერ კიდევ მაშინ, როცა მას არ ჰქონდა საშუალება, რომ კულტურის ეს ელემენტი სტეპებთან კავშირების შედეგად აეთვისებინა. ახალი მონაცემებით [Mashkour, 2003: 129-139] ასევე იკვეთება, რომ ჩრდილოეთ ირანის ტერიტორიაზე შინაური ცხენი შესაძლოა, ძვ. წ. IV ათასწლეულში ან უფრო ადრეულ პერიოდშიც ვრცელდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ წინა აზიის სხვა მხარეებში ამ მხრივ განსაკუთრებულ მასალებს ვერ ვხვდებით. გავიხსენოთ ზემოთ უკვე აღნიშნული შუა აზიის ტრადიციული კავშირები. ამ კავშირებს ევროპის ინდოევროპეიზაციის პროცესში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. აგრეთვე, გავიხსენოთ მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ცხენის მოშინაურება იმ ზოლში უნდა მომხდარიყო, რომელშიც შინაური ვირი იყო გავრცელებული [Enciclopedia…2008: 441-442]. ჩვენთის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ყველაზე მეტი პოპულარობით ცხენის აღმოსავლეთ ევროპის სტეპებში შინაურების კონცეფცია სარგებლობს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ძვ.წ. IV ათასწლეულში შინაური ცხენის გავრცელების საინტერესო არეალი იკვეთება, რომელიც ძალზე უახლოვდება ჩვენ მიერ ინდოევროპულ სივრცედ აღქმულ ტერიტორიას; 4) ვფიქრობთ, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მტკვარ-არაქსის კულტურა წინა აზიასთან სუსტ კავშირებს ამჟღავნებს (განსხვავებით რეგიონში მისი წინამორბედი არქეოლოგიური კულტურებისგან) მაშინ, როცა მისი ჩრდილოელი მეზობელი მაიკოპის კულტურა ამ მხრივ საკმაოდ დაწინაურებული ჩანს. ხომ არ არის ეს მტკვარ-არაქსის კულტურის შექმნაში არაადგილობრივი ელემენტის მონაწილეობის არგუმენტი? კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ზემოთ მოყვანილ მსჯელობას (ინდოევროპული ენების დასავლეთით გავრცელების შესახებ) ჯერჯერობით მხოლოდ სამუშაო ჰიპოთეზის სახე შეიძლება ჰქონდეს.

სამხრეთ შუააზიური ჰიპოთეზის გაზიარების შემთხვევაში, ბუნებრივია, ალტერნატიულ ახსნას ევროპაში ინდოევროპული ენების გავრცელების საკითხი საჭიროებს. ამ მხრივ, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, ყურადღება ურალის სტეპების “ნეოლითიზების” პროცესზე (ვგულისხმობთ მწარმოებლური მეურნეობის გავრცელების პროცესს) გავამახვილოთ. დიდი ხანია შენიშნულია, რომ ქვეყნის ამ ნაწილში მწარმოებლური მეურნეობის ჩამოყალიბება და განვითარება სამი შესაძლო ცენტრიდან: დუნაისპირეთ-ბალკანეთიდან, კავკასიიდან და სამხრეთ შუა აზიიდან შეიძლებოდა მომხდარიყო [Kuzmina, 2003: 203]. ნეოლითისა და ენეოლითის ხანაში კავკასიის სტეპებთან კონტაქტები არ დასტურდება. იმავეს ვერ ვიტყვით სამხრეთ შუა აზიის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ინდოევროპეისტიკის საკითხებზე მსჯელობისას ამ პროცესს შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა, არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ როგორც მეზოლითის, ისე ნეოლითისა და ენეოლითის პერიოდში ეს რეგიონები (ე.ი. ურალისპირეთი და სამხრეთ შუა აზია) ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული [11]. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სტეპების ათვისებასა და იქ ნომადური მეურნეობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი მეცხვარეობის კულტურამ შეასრულა. ცხვარი ისევე, როგორც თხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ურალის სტეპებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა [Matyuishin, 2003: 375]. ძალზე ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ იგი აქ სამხრეთ კასპიისპირეთიდან გავრცელდა, სადაც მისი დომესტიკაციის ერთ-ერთი უძველესი კერა არსებობდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ სრულიადაც არ გვსურს ვოლგა-ურალის სტეპების ათვისებაზე საუბრისას დუნაი-ბალკანეთის კერის მნიშვნელობის დაკნინება. აქ, უბრალოდ, აღვნიშნავთ, რომ, არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, მწარმოებლური მეურნეობის ჩამოყალიბება ურალისპირეთსა და მის აღმოსავლეთ ნაწილში, ძირითადად, მაინც სამხრეთ შუააზიური გავლენების შედეგად მოხდა[12]. ინდოევროპული კილოკავების, უფრო სწორად, მისი არაანატოლიური და არათოხარული ნაწილის ევროპაში გავრცელება ხსენებული მიმართულებით ეთნიკური და კულტურული დიფუზიის შედეგად მიგვაჩნია. ამ მხრივ ჩვენი პოზიცია განსხვავდება პონტიურ-კასპიური თეორიების მომხრეებისგან, რომლებიც ქვეყნის ამ ნაწილის ინდოევროპეიზაციის პროცესს უფრო დასავლეთიდან წამოსულ იმპულსებს უკავშირებენ[13]. ვფიქრობთ, რომ ამგვარი მიდგომა ნ. დანილენკოს შემოთავაზებული არქეოლოგიური არგუმენტებისა [Даниленко, 1974] და ჯ. ნიკოლსის ლინგვისტური დასკვნების [Nichols, 1997; Nichols, 1998] ურთიერთდაკავშირების საინტერესო საშუალებას იძლევა.

დასასრულს გვსურს, აღვნიშნოთ, რომ პონტიურ-კასპიური თეორიები, ვფიქრობთ, რიგ შესწორებას საჭიროებს. ეს, პირველ რიგში, ევროპაში მათ მიერ შემოთავაზებული ინდოევროპული ჯგუფების დისტრიბუციის სქემებს ეხება.[14] თუმცა, იმასაც აღვნიშნავთ, რომ ისინი ევროპის ინდოევროპეიზაციის საკითხზე საუბრისას, ჩვენი აზრით, ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ევროპაში ინდოევროპელების გავრცელების ბალკანურ-კარპატული, ანატოლიური და, მით უმეტეს, ჩრდილოევროპული მოდელები.

მაშასადამე, ვფიქრობთ, რომ ინდოევროპულ ენებზე მოსაუბრე ხალხების წინარესამშობლო სამხრეთ შუა აზიისა და ჩრდილოეთ ირანის ტერიტორიაზე მდებარეობდა. აქ ჯერ კიდევ მეზოლითის ხანაში უნდა დაწყებულიყო „პროტოინდოევროპული” ენობრივი თავისებურებების ჩამოყალიბების პროცესი. ეს პროცესი დიდად უნდა დაეჩქარებინა ძვ. წ. VI-V ათასწლეულებში ქვეყნის ამ ნაწილში (ე.ი. სამხრეთ შუა აზიასა და ჩრდილოეთ ირანში) მწარმოებლური მეურნეობის გავრცელებასა და ჰისარისა და ჯეითუნის მსგავსი არქეოლოგიური კულტურების ჩამოყალიბებას. ინდოევროპული ენებრივი სივრცის დაშლა, სავარაუდოდ, ძვ. წ. V-IV ათასწლეულებში უნდა დაწყებულიყო. მისი ევრაზიის კონტინენტზე განფენა ორი მიმართულებით მიმდინარეობდა. დასავლეთით ანატოლიური ენების გავრცელება მტკვარ-არაქსის კულტურის ფორმირებასთან, შემდეგ კი ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარში მის დაშლასთან უნდა იყოს დაკავშირებული. თოხარულ ენებს განსაკუთრებული გადაადგილება არ განუცდია. ვოლგა-ურალისპირეთში ინდოევროპელების გავრცელების მარკერად აქ მწარმოებლური მეურნეობის გავრცელება უნდა ჩავთვალოთ. პონტიურ-კასპიური თეორიის მიხედვით აქვე მდებარეობდა ინდოევროპელების წინარესამშობლო, რომელიც, ჩვენი აზრით, წინარესამშობლოს მხოლოდ ინდოევროპული ოჯახის არიულ-ბერძნულ-სომხურ-“ძველევროპული” ფრთისთვის წარმოადგენდა. ამგვარი მსჯელობის შემთხვევაში, ვფიქრობთ, დ. ადამსისა და ჯ. მელორის ზემოთ განხილული არც ერთი კრიტერიუმი არ ირღვევა. თ. გამყრელიძისა და ვ. ივანოვის შემოთავაზებული ყველა ლინგვისტური არგუმენტიც ძალაში რჩება. ვფიქრობთ, რომ ისტორიული და თეორიული საკითხების (რა ისტორიული რეალობა იმალება “პროტოინდოევროპულის” ლინგვისტური ცნების ქვეშ; რა ფორმებით ვრცელდებოდა სხვადასხვა მიმართულებით ინდოევროპული ენობრივი ჯგუფები და როგორ აისახებოდა ყოველივე ეს არქეოლოგიურ მასალაზე) შესახებ მსჯელობა შემოთავაზებულ ჰიპოთეზას სამომავლოდ მეტ დამაჯერებლობას შესძენს.


[1] თანამედროვე ლინგვისტიკაში აღიარებული კლასიფიკაციის მიხედვით ინდოევროპულ ოჯახში შედის: ანატოლიური, თოხარული, კელტური, იტალიური, გერმანიკული, ბალტიური, სლავური, ალბანური, ბერძნული, სომხური, ინდო-არიული, ირანული, მესაპური, ილირიული, ფრიგიული, თრაკიული, ვენეტური ჯგუფები [Mallory, 2006: 153]. სპეციალურ ლიტერატურაში ვხვდებით ზოგიერთი ე.წ. მედიტერანული ენის აქვე მოთავსების მცდელობებსაც [Георгиев, 1958: 87-104]. გამოთქმულია მოსაზრება, ასევე, ქართველური ენების ინდოევროპული ბუნების შესახებ [მელიქიშვილი, 2002: 40]. თუმცა, მსგავს მიდგომებს საყოველთაოდ აღიარებულად ვერ ჩავთვლით.

[2] სპეციალურ ლიტერატურაში წინარესამშობლოს შესაძლო ფართობის განსაზღვრის მცდელობებსაც ვხვდებით (Enciclopedia…1997: 290-291).

[3] ინდოევროპეისტიკაში ფიგურირებს ცალკეული მოსაზრებები, რომლებიც საკითხის არსის სხვაგვარად წარმოჩენას ისახავს მიზნად. მხედველობაში გვაქვს, ერთი მხრივ, ინდოევროპული ენების გენეტიკური ნათესაობის [Demoule, 1991: 169-202], მეორე მხრივ კი -“პროტოინდოევროპული” ენის გავრცელების არეალის მეტ-ნაკლებად ლოკალურ არეალში მოთავსების წინააღმდეგ მიმართული კონცეფციები [Alinei, 2000: 21-50]. მსგავსი მიდგომების გაზიარების შემთხვევაში, ვფიქრობთ, შეიძლება, ჩვენთვის საინტერესო საკითხის ავთენტურობის პრობლემის განხილვის აუცილებლობის წინაშეც აღმოვჩნდეთ. თუმცა, მათი (ე.ი. მსგავსი კონცეფციების) მომხრეების რიცხვი და მათი არგუმენტების დამაჯერებლობა ჯერჯერობით ამის საფუძველს არ იძლევა.

[4] ამ დარგის მნიშვნელობა განსაკუთრებით XX საუკუნის II ნახევარში გაიზარდა.

[5] სამეცნიერო ლიტერატურაში ამ თვალსაზრისით უფრო თამამ ჰიპოთეზებსაც გამოთქვამენ. იხ:[ Горнунг, 1964]. ქართულ ლინგვისტიკაში, ასევე, პოპულარობით სარგებლობს “პროტოქართველური” და “პროტოინდოევროპული” ენების ერთმანეთთან დაახლოვების ტენდენცია. რიგ შემთხვევაში “პროტოქართველური” ინდოევროპულ ენადაც განიხილება.

[6] საინტერესოა, რომ შედარებით იშვიათად ვხვდებით მოსაზრებას ქართველურისა და ურალურის სიახლოვის შესახებ.

[7] რომ არაფერი ვთქვათ მათ შესაძლო შორეულ გენეტიკურ ნათესაობაზე.

[8] დაახლოებით ასეთივე მსჯელობის საფუძველზე ბ. გორნუნგი ინდოევროპელების წინარესამშობლოს ბალკანეთ-კარპატების რაიონში ეძებს [Горнунг, 1964].

[9] მხედველობაში გვაქვს ის პერიოდი, რომელშიც ევრაზიაში ნოსტრატული ენების გავრცელება ივარაუდება.

[10] ჩრდილოეთ ირანის ტერიტორია არქეოლოგიური თვალსაზრისით ბოლომდე შესწავლილი არ არის. იგივე შეიძლება ითქვას ქვეყნის ამ ნაწილის არქეოლოგიური ძეგლების კავკასიური მასალების კონტექსტში განზოგადების შესახებ.

[11] ამ საკითხის შესახებ იხ:[ Даниленко, 1969: 181; Энеолит… 1982: 327-328].

[12] განსხვავებული პოზიცია შეიძლება ვიქონიოთ ვოლგისპირეთთან მიმართებით.

[13] კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საკითხის ისტორიულ კონტექსტში ინტერპრეტაციას ნაშრომი მიზნად არ ისახავს.

[14] ამ საკითხის შესახებ იხ: [სილაგაძე, 2008: 14-19].

ლიტერატურა

გამყრელიძე თ., კიკნაძე ზ., შადური ი., შენგელაია ნ.
2003
თეორიული ენათმეცნიერების კურსი. თბილისი.
ლოსაბერიძე დ.
1992
ქართველურ ენებზე მოქმედი უცხოენობრივი გარემოს საკითხისათვის. თბილისი.
მახარაძე ზ.
1998
ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის კავკასიის არქეოლოგიის ზოგიერთი პრობლემა. ძიებანი 1. თბილისი.
მელიქიშვილი გ.
1965
საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის. თბილისი.
მელიქიშვილი ი.
2002
ენათა კონტაქტების თეორია და ქართველურ-ინდოევროპული გენეტიკური ნათესაობის საკითხი. ქართველი ხალხის ეთნოგენეზი. თბილისი.
მელიქიშვილი გ.
1970
ქართველები და მათი წარმომავლობის საკითხი. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. თბილისი.
სილაგაძე ნ.
2008
ჰალსტატის არქეოლოგიური კულტურის გენეზისის პრობლემა. საისტორიო ვერტიკალები. თბილისი.
ქურდიანი მ.
2000
საერთო ქართველური თვითსახელწოდების შესახებ. მესხეთი. ახალციხე.
ჯაფარიძე ო.
2003
ქართველი ხალხის ეთნოგენეზის სათავეებთან. თბილისი.
ჯაფარიძე ო.
1998
ქართველი ტომების ეთნო–კულტურული ისტორიისათვის ძვ. წ. III ათასწლეულში. თბილისი.
Alinei M.
2000
An alternative model for the origins of European peoples and languages: the continuity theory, «Quaderni di Semantica» 21.
Ammerman, A.,Cavalli-Sforza L.
1984
The Neolithic Transition and the Genetics of Populations in Europe.N.J
Anthony D.
2007
The Horse, The Wheel and Language. How Bronze-Age Riders From The Eurasian Steppes Shaped The Modern World. Oxford
Barker G.
1989
Prehistoric Farming in Europe. Cambridge.
Bomhard A.
2008
Recent Trends in Nostratic Comparative Linguistics Charleston, SC, USA (Presented by Academy Member Th.V. Gamkrelidze). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე, ტომი 2. #4.
Bomhard A.
1996
Indo-European and the Nostratic Hypothesis. Charleston.
Cavalli-Sforza L.
1996
Genes Peuples et Langues. Paris.
Cameron C.
1936
History of Early Iran. Chicago.
Cherratt A.
2003
The Horse and the Wheel: the Dialectics of Change in the Circum-Pontic Region and Adjacent Areas, 4500–1500 BC. pp233-253. Prehistoric steppe adaptation and the horse. Ed.by Levine M., Renfrew C., Boyle K.
Dixon R.
1997
The Rise and Fall of Languages. Cambridge.
Demoule J.-P.
1991
Realite des indo-europeens: Les diverses Apories du Modele Arborescent.Vol. 208. Paris.
Dolgopolsky A.
1989
The Nostratic Hypothesis and Linguistic Paleontology. Cambridge.
Dolgopolsky A.
1988
The Indo-European homeland and lexical contacts of Proto-Indo-European with other languages. Mediterranean Language Review 3:7–31.
Darden B.
2001
On the question of the Anatolian origin of Indo-Hittite. Greater Anatolia and The Indo-Hittite Language Family. Ed. Drews R.
Encyclopedia…
2008
Encyclopedia of Archaeology. Ed. Pearsall D. M. Vol 1.
Encyclopedia …
1997
Encyclopedia of Indo-European culture Ed. Mallory J., Adams D. London Chicago
Gimbutas M.
1965
Bronze age Cultures inCentral and Eastern Europe. London.
Ghirshman R.
1954
Iran from the Earliest Times to the Islamic Conquest. Harmondsworth.
Hersfeld E.
1935
Archaeological History of Iran. London.
Ivanov V.
2007
The Indo-European Homeland in the Near East:New Evidence. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე, ტომი 175. #3.
Kerns J.
1985
Indo-European Prehistory. Cambridge
koryakova L.,
2006
Epimakhov A. The Urals and Western Siberia in the Bronze and Iron Ages. Cambridge.
Kuzmina E.
2003
Origins of Pastoralism in the Eurasian Steppes. Prehistoric steppe adaptation and the horse. Ed.by Levine M., Renfrew C., Boyle K.
Gray R. , Atkinson Q.
2003
Language-tree divergence times support the Anatolian theory of Indo-European origin. pp 435-438. Nature. vol 426. November 2003.
Kilian L.
2000
De l’origine des Indo-Européens. Paris
Mallory J., Adams D.
2006
The Oxford Introduction to Proto-Indo-European and the Proto-Indo-European World. Oxford New York.
Mashkour M.
2003
Equids in the Northern Part of the Iranian Central Plateau from the Neolithic to Iron Age: New Zoogeographic Evidence. Prehistoric steppe adaptation and the horse. Ed.by Levine M., Renfrew C.,Boyle K.
Matyushin G.
2003
Problems of Inhabiting Central Eurasia: Mesolithic–Eneolithic Exploitation of the Central Eurasian Steppes . Prehistoric steppe adaptation and the horse. Ed.by Levine M., Renfrew C., Boyle K.
Meier-Brugger M.
2003
Indo-European Linguistics. Berlin New York.
Nickols J.
1992
Linguistic Diversity in Space and Time. Chicago
Nichols J.
1997
The Epicentre of the Indo-European Linguistic Spread. Archaeology and Language. Ed. R. Blench and M. Spriggs. London.
Nichols J.
1998
The Eurasian Spread Zone and the Indo-European Dispersal. Archaeology and Language. Ed. R. Blench and M. Spriggs. London.
Renfrew C.
2009
Prehistory. Making of Human Mind. New York.
Renfrew C.
1973
Before Civilizaiton. New York.
Renfrew C.
1987
Archaelogy and language. The puzzle of indo – European origins.
Mallory J.
1989
In search of the indo-Europeans: language, Archaeology and Myth. London.
Matasović R.
2009
A Reader in comparative indo-European Mythology. Zagreb.
Stone L, Lurquin P
2005
A Genetic and Cultural Odyssey.New York.
Sturtevant E.
1951
A Comparative Grammar of the Hittite Language. Yale.
The Oxford …
1994
The Oxford Illustrated Prehistory of Europe. Ed. By Barry Cunfliffe. Oxford New York.
West M.
2007
Indo-European Poetry and Myth.Oxford.
Zvelebil M.
2002
Indo-European origins and the agricultural transition in Europe.Journal of European Archaeology.
Аврусин Д.
1977
Археология СССР. Москва.
Алексеев В.
1989
Историческая антропология и этногенез. Москва.
Арутинов С.
1989
Народы и культуры. Москва.
Гамкрелидзе Т.,Иванов В.
1984
Индоевропейский язык и индоевропейцы. Тбилиси.
Георгиев В.
1958
Исследования по сравнительно-историческому языкознанию. Москва.
Гордезиани Р.
1975
Кавказ и проблемы древнейших среднеземноморсих языковых и культурных взаимоотношений. Тбилиси.
Горнунг Б.
1964
Формирование индоевропейской языковой общности. Москва.
Даниленко В.
1969
Неолит Украины. Киев.
Даниленко В.
1974
Энеолит Украины. Киев.
Дьяконов И.
1982
О прародине носителей индоевропейских диалектов. Вестник древней истории. 3. Москва.
Дьяконов И.
1989
Языковые контакты на Кавказе и Ближнем Востоке. Кавказ и цивилизации Древнего Востока. Орджоникидзе.
Климов Г.
1986
Введение в кавказское языкознание. Москва.
Массон В.
1964
Средняя Азия и древный восток. Москва и Ленинград.
Массон В.
1971
Поселение Джеитун. Ленинград.
Монгайт А.
1974
Археология западной европы. Бронзовый и железный век. Москва.
Сафронов В.
1989
Индоевропейские прародины. Горький.
Хлопин И.
1963
Энеолит южных областей Средней Азии. часть 1, Москва – Ленинград.
Цалкин В.
1970
Древнейшие домашние животные Восточной Европы. Москва.
Чайлд Г.
1949
Прогресс и археология. Москва.
Энеолит …
1982
Энеолит СССР. Москва.
Юсупов Х.
1997
Страницы истории Туркменистана. С древнеиших времен до арабского завоевания. Москва.
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: